რიტმი და გამეორება

ritmi

ყველაზე მეტად, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას ბავშვს უქმნის რიტმულად მოწესრიგებული დღე. ყოველი ცოცხალი პროცესი რიტმის მეშვეობით წესრიგდება, სასიცოცხლო პროცესები რიტმული თანმიმდევრობით მიედინება, რაც  ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვნი კომპონენტია.

 ბავშვს სჭირდება ყოველდღიური რიტმის დაცვა, ჭამის, ძილისა და თამაშის რეგულარული მონაცვლეობით ბავშვი შინაგან სიმტკიცეს გამოიმუშავებს. როდესაც ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება არის კარგად ორგანიზებული, მას აქვს მყარი ჯანმრთელობა და ის ხალისიანი და მოწესრიგებულია, ხოლო, როდესაც პირიქით არის საქმე და ბავშვის ცხოვრებაში ყველაფერი ქაოტურად ხდება, თვითონაც მოუწესრიგებელია და შფოთავს, ხშირად ღიზიანდება და ერთი შეხედვით უმიზეზოდ ტირის.

დარღვეული აქვს მადა, ძილი და ჯანსაღი განვითარება ფერხდება. ბავშვს ეუფლება მსგავსი განცდა, რომელსაც მოზრდილები სტრესისა და დეპრესიის დროს გრძნობენ. რიტმის მეშვეობით ბავშვი მოიპოვებს ერთ ძალზე მნიშვნელოვან თვისებას — ნდობას სამყაროს მიმართ.

ვალდორფის საბავშვო ბაღის ცხოვრება ინტროვენტულ და ექსტროვენტულ რიტმებზეა აგებული, ეს ჩასუნთქვა — ამოსუნთქვის, შეკუმშვა — გაშლის ანალოგიური რიტმია, ერთმანეთს ენაცვლება თავისუფალი თამაში და დილის წრე (თითების თამაში, მისალმება), საერთო საუზმე და მეორე თავისუფალი თამაში ეზოში, შემდეგ მაგიდის თოჯინების სპექტაკლი ან ზღაპარი, ასე ხდება დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე მცირედი ცვლილებებით. კვირის დღეების ყოველდღიური რუტინა იცავს ბავშვს არასაჭირო სიურპრიზებისგან და უქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის განცდას, რიტმი არის დაძაბულობის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, ზოგავს ძალებს. რიტმი უყალიბებს ადამიანს ხასიათს, რიტმის საშუალებით სწავლობს დროის სწორად განაწილებას, მუშაობისა და დასვენების დროთა სწორად დარეგულირებას, ყოველი ზუსტად გაცნობიერებული გამეორება აძლიერებს ნებას და ზრდის თავდაჯერებულობას.

ვალდორფის საბავშვო ბაღი ბავშვებს სთავაზობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეულ დღეს, კვირას, თვეს და წელიწადს თავისი სტრუქტურა და რიტმი აქვს, ბავშვი ეჩვევა რიტმს, როგორც გარემოს შემადგენელ ნაწილს, იწყებს იმის გაცობიერებას, რომ არსებობს წესები და ცხადი, მკაფიო მოვალეობები, რომელებიც როგორც ცალკეულ ბავშვს, ისე მთელ ჯგუფს ეკუთვნის. დღის რიტმი ბავშვს შინაგანად აძლიერებს, იცავს მის ინდივიდუალურ, პიროვნულ თვისებებს, მეტად თვითდაჯერებულს ხდის.

კვირის შვიდდღიანი რიტმი გავლენას ახდენს ბავშვის გრძნობად ცხოვრებასა და სოციალურ-შემოქმედებით აქტივობაზე, მაგ: ყოველ ორშაბათს გვაქვს აკვარელის საღებავებით ხატვა, სამშაბათს ევრითმია, ოთხშაბათს ვაცხობთ ორცხობილებს, ხუთშაბათს ვძერწავთ ცვილით და პარასკევს დიდი დალაგებაა. თვის რიტმი გვეხმარება ახალი ჩვევების გამომუშავებაში, წლის რიტმს კი საბავშვო ბაღში დღესასწაულების სახით განვიცდით.

ritmi2