რუდოლფ იოზეფ ლორენც შტაინერი
ემილ მოლტი

ისტორია

ვალდორფის პედაგოგიკას 100 წლიანი ისტორია აქვს. პირველი ვალდორფის სკოლა 1919 წელს გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტშირუდოლფ შტაინერისა და სიგარეტების ფაბრიკის, „ვალდორფ ასტორიასმფლობელის, ემილ მოლტის ინიციატივით დაარსდა, ფაბრიკის თანამშრომლების შვილებისათვის. მოგვიანებით, 1926 წელს სკოლასთან არსებული პირველი ვალდორფის ბაღი გაიხსნა.

ჩვენი ბაღის ღირებულებები

ჩვენი მუშაობა მიმართულია თითოეული ბავშვის შესაძლებლობისა და საჭიროებებზე, რათა ხელი შეეწყოს მათი ფსიქო-ემოციური, კოგნიტური და სხეულებრივი უნარების საუკეთესოდ განვითარებას, ხოლო სირთულეების შემთხვევაში, დროულად მოხდეს მათი კორეგირება.

პატივისცემა და თანაგრძნობა

ბავშვისადმი პატივისცემაზე დაფუძნებული და ემპათიური დამოკიდებულება ხელს უწყობს დაცულობის გრძნობის, სამყაროსადმი ნდობისა და, გამომდინარე აქედან, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას.

თავისუფალი თამაში

სკოლამდელ პერიოდში, სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ფასდაუდებელი როლი ენიჭება თავისუფალ თამაშს. თამაშის მეშვეობით ხელი ეწყობა ისეთი უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა და წარმოსახვა, საქმიანობის დაგეგმვისა და სიტუაციური ამოცანების გადაჭრის უნარი, კომუნიკაბელობა და ა. შ.

თანამშრომლობა

ყოველკვირეულ კონფერენციებზე, რომელშიც მთელი კოლეგია მონაწილეობს, ერთობლივად ხდება პედაგოგიკურ თუ სხვა აქტუალურ საკითხთა ერთობლივი განხილვა და გადაჭრა. გარდა ამისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მშობლებთან თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებებთან ურთიერთანამშრომლობა და პოზიტიური გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება.

ზრუნვა უწყვეტ განვითარებაზე

დაწესებულება, რომელიც ბავშვისთვის განმავითარებელი სივრცის შექნისთვისაა მოწოდებული, თავადაც უწყვეტად უნდა ვითარდებოდეს. ეს გულიხმობს აღმზრდელ-პედაგოგთა კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას; მსოფლიოში არსებულ პრაქტიკებზე ინფორმირებულობას, სემინარულ და კვლევით მუშაობას.

პედაგოგიკა

ვალდორფის მიდგომის პრინციპები

ვალდორფის პედაგოგიკის საფუძველს წარმოადგენს ავსტრიელი ფილოსოფოსის, ბუნებისმეტყველისა და პედაგოგის რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფია (ბერძ. „ანთროპოს -ადამიანი; „სოფია“ — სიბრძნე).

ანთროპოსოფია არის სწავლება ბუნების, სულისა და ადამიანის შესახებ და აღზრდას განიხილავს, როგორც ხელოვნებას. ვალდორფის პედაგოგიკის მთავარი მიზანია, ადამიანი აღზარდოს თავისუფალ, მოაზროვნე და სოციალური პასუხისმგებლობით აღსავსე პიროვნებად.

იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს, ადამიანის განვითარების ფაზების სიღრმისეული ცოდნა მოითხოვება. ანთროპოსოფია ადამიანის განვითარებას შვიდწლიან პერიოდებად ყოფს.

კვირის და წლის რიტმი

დღესასწაულების აღნიშვნას ბავშვებისთვის განსაკუთრებული პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს. უწინ ადამიანები დღესასწაულების მეშვეობით უკეთ განიცდიდნენ წელიწადის რიტმს და ახლო ურთიერთობას ამყარებდნენ გარე სამყაროსთან.

რიტმული თამაში წრეში

მუსიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ბაღში დილა იწყება სიმღერით, ვმღერით საუზმის მომზადების, ხელსაქმის, ალაგების დროს, ზღაპრის მოყოლის წინ, ვმღერით წელიწადის დროის შესაბამის სიმღერებს

თავისუფალი თამაში

პირველ შვიდწლეულში ბავშვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის თამაში. ის ხალისიანი და სიხარულით აღსავსე განწყობა, რომელიც თამაშით გამოიწვევა, აუცილებელია ადამიანის სხეულებრივი თუ ფსიქიკური ჯამრთელობისთვის. ბავშვის თამაში არის ხელოვნება.

თითების თამაში

ვალდორფის ბაღში თითებით თამაში მნიშვნელოვანი პედაგოგიური ელემენტია. სრულდება პატარა გარითმული ამბის, პატარა ლექსის ან სიმღერის თანხლებით და ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, ავითარებს წარმოსახვისა და ფანტაზიის ძალებს.

ზღაპარი და მაგიდის თეატრი

ფანტაზიის განვითარების უშრეტი წყაროა ხალხური ზღაპარი. ბავშვებს ჰაერივით სჭირდებათ ხალხური ზღაპრები. მათთვის ზღაპარი საუკეთესო სულიერი საკვებია. უჩვეულოდ მდიდარი სიტყვათა საგანძურით, ხალხურმა ზღაპრებმა შემოგვინახა სამყაროს შექმნისა და განვითარების ისტორია.

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკიდან იღებთ ბავშვებს?

ბაღში მიიღებიან  3-6 წლამდე ბავშვები. ჯგუფები არის შერეული ასაკის, რაც ვალდორფის პედაგოგიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

რომელ საათამდე მუშაობს ბაღი?

ბაღი მუშაობს 8:30-18:00 სთ-მდე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. მოქმედებს დღის ორი რეჟიმი - 8:30-13:30 სთ-მდე და გახანგრძლივებული - 13:30-18:00 სთ-მდე.

რამდენი ჯგუფია ბაღში და თითოეულში რამდენი ბავშვია?

ბაღში არის 4 ჯგუფი და თითო ჯგუფში საშუალოდ 24 ბავშვი ირიცხება.

რამდენი აღმზრდელი მუშაობს თითოეულ ჯგუფში?

ჯგუფში მუშაობს სამი აღმზრდელი - დღის პირველ ნახევარში ორი, ხოლო გახანგრძლივებულ ჯგუფში ერთი.

როგორ მიიღებიან ბავშვი საბავშვო ბაღში?

წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. 

იხ. თანდართული ბმული.

რამდენია ბაღის თვიური ღირებულება?

დღის პირველი ნახევარი  - 400 ლ, ხოლო სრული დღე - 600 ლ.

არის თუ არა ბაღში საზაფხულო ჯგუფები?

ბაღში საზაფხულო ჯგუფები არ მოქმედებს. წლის განმავლობაში ბაღი მუშაობს 10 თვე (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით).

არის თუ არა წლის განმავლობაში ბაღში არდადეგები?

ბაღში გვაქვს -  საშობაო, სააღდგომო და საზაფხულო  არდადეგები. ბაღი ასევე არ ფუნქციონირებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ოფიციალურ უქმე დღეებში.

სწავლობენ თუ არა უცხო ენას?

ვალდორფის  საბავშვო ბაღში უცხო ენები არ ისწავლება. ბაღში ყურადღება ექცევა ძირითადად ბავშვის უნარების, სხეულებრივ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას.

როგორ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება?

ბაღის შიდა და გარე სივრცეები სრულად ადაპტირებულია  ბავშვის უსაფრთხოებაზე. ბაღის ეზო და დერეფანი აღჭურვილია ვიდეო კამერებით.

რამდენჯერადი კვება ბაღში?

ბაღში არის სამჯერადი კვება: გვიანი საუზმე, სადილი და ხემსი.

თუ ბავშვს აქვს ალერგია ან სჭირდება სპეციალური კვება, მენიუ ადაპტირდება ინდივიდუალურად.

როგორია ერთი დღე ვალდორფის ბაღში

მიბაძვა და მაგალითი
რიტმი და გამეორება
ევრითმია
ზღაპარი და მაგიდის თეატრი

რატომ უნდა ავირჩიო ვალდორფის საბავშვო ბაღი?

თუ გსურთ თქვენი შვილებისთვის სახლის მსგავსი, მზრუნველი და ნდობით აღსავსე გარემო:

სადაც თითოეულ ბავშვს  ეთმობა საკმარისი დრო  განვითარდეს საკუთარი ტემპით, დარჩეს პოზიტიური და ღია სწავლისთვის

სადაც ზრუნავენ ბავშვის  ჰარმონიულ განვითარებაზე ადრეული აკადემიური სწავლების ზეწოლის გარეშე

სადაც, მნიშვნელოვან დროს უთმობენ თავისუფალ, შემოქმედებით თამაშს ბუნებრივი მასალებისა და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების გამოყენებით

სადაც იცავენ ბუნებისა და დღის რიტმებს

სადაც ზრუნავენ ბავშვის  შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარების, ნატიფი და უხეში მოტორიკის განვითარებაზე

 სადაც ბავშვებზე ზრუნავენ  თბილი, მოსიყვარულე და გამოცდილი აღმზრდელები, რომლებიც მუდმივად ისწრაფვიან თვითგანვითარებისკენ და ცდილობენ იყვნენ საუკეთესო მისაბაძი მაგალითები მათთვის.