ჯანსაღი კვება
ვალდორფის პედაგოგიკის მიზანია ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის აღზრდა. სწორედ ამიტომ, ვალდორფის საბავშვო ბაღში კვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორად შერჩეული საკვები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ჯანსაღ პროცესს. თავის მხრივ, სრულფასოვანი კვება საკვები პროდუქტის ხარისხზეა დამოკიდებული. საკვებმა ადამიანს, ბავშვს მოძრაობისკენ უნდა უბიძგოს, სასიცოცხლო ძალებით აღავსოს და სხეულებრივად გაააქტიუროს. ეს ყოველივე კი მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თავად საკვები პროდუქტები მაცოცხლებელი ძალებით არის სავსე.
ჯანსაღი პროდუქტის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოში, როგორ დამზადებულ საკვებს, რა თანმიმდევრობით მიიღებენ ბავშვები. ცხოვრების რიტმის მოწესრიგება, ყველაზე უკეთ, კვების დროთა დაცვით მიიღწევა.
ვალდორფის პედაგოგიკაში კვება კვების რიტმის ბუნებრივი ნაწილია. იგი აღიქმება, როგორც ფიზიკური, ემოციური და რიტმული განვითარების თანმდევი პროცესი. ვალდორფის ბაღში საკვები მარცვლეული შეირჩევა კვირის დღეების მიხედვით. იგი ეფუძნება ტრადიციასა და პლანეტარულ ასოციაციებს. ეს ყველაფერი კი რუდოლფ შტაინერის პედაგოგიურ ხედვას უკავშირდება. კვირის თითოეულ დღეს კონკრეტული მარცვლეული აქვს, რომლიც მის თვისებებთან ჰარმონიზდება.
ვალდორფის საბავშვო ბაღში საკვების მომზადების პროცესში თავად ბავშვებიც არიან ჩართულნი. აღმზრდელებთან ერთად ბავშვები არჩევენ მარცვლეულს, ჭრიან ხილს, ზელენ ცომს პურისა და ორცხობილებისთვის. ეს პროცესი მათთვის სხვა სიკეთეებთან ერთად სახალისოც არის.
საბავშვო ბაღში, უშუალოდ, კვების პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და მოწესრიგებულ გარემოში, რაც კვების ჩვევების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.


