ვალდორფის მიდგომის პრინციპები
თითოეული შვიდწლეული გარკვეულ ასაკობრივ კანონზომიერებას ეყრდნობა. ყოველი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი და სრულიად განსაკუთრებულია, მაგრამ პირველ შვიდწლეულში ყველა ძირითად ადამიანურ უნარს ეუფლება ბავშვი — ზეაღმართულ სიარულს, მეტყველებასა და აზროვნებას.
ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის ფიზიკური სხეული და შინაგანი ორგანოები. იმისთვის, რომ საკუთარი სხეულის ფლობა შეძლოს, ბავშვს შინაგანი აქტიურობა და ბევრი ვარჯიში ესაჭიროება, ის მრავალი გაბედული ცდის შემდეგ იძენს პირად გამოცდილებას, შეიგრძნობს საკუთარ სხეულს და ურთიერთობს გარე სამყაროსთან, რითაც საფუძველი ეყრება ადამიანის სოციალურობას.
მთავარია, უფროსებმა მივცეთ დრო და მოთმინებით დაველოდოთ შედეგს. ამ ასაკში მიღებული ჩვევები ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება.
როგორც აღინიშნა, ვალდორფის პედაგოგიკა ზრუნავს ბავშვის სხეულებრივი, ფსიქო — ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაზე. სწორედ, ეს უნარები ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ მან ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისეულ მოთხოვნებსა და გამოწვევებს ღირსეულად გაართვას თავი. ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგანგებოდ შევჩერდებით სკოლამდელ აღზრდაზე.
ადამიანის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველ შვიდწლეულს. ამ პერიოდში უფროსების მოვალეობაა შევქმნათ აღზრდისათვის შესაბამისი გარემო. ერთი მხრივ, ხელი არ შევუშალოთ ბავშვის არსების ბუნებრივ, თავისუფალ განვითარებას, მეორე მხრივ კი თვითნებაზე არ მივუშვათ და დიდი სიფრთხილით დავეხმაროთ საკუთარი ინდივიდუალური გზის პოვნაში. სიყვარულითა და სითბოთი უნდა შევუქმნათ სიმტკიცის, ნდობისა და უსაფრთხოების განცდა, ვაგრძნობინოთ, რომ მისი ამქვეყნად მოსვლა გვიხარია და აღვუძრათ გრძნობა, რომ სამყარო კეთილია.
პირველი შვიდწლეულისთვის ვალდორფის პედაგოგიკის კონცეფციის ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპია : „მიბაძვა და მაგალითი“ და „რიტმი და გამეორება“.


