თავისუფალი და რიტმული თამაშები
რიტმული თამაში წრეში
მუსიკა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ბაღში დილა იწყება სიმღერით, ვმღერით საუზმის მომზადების, ხელსაქმის, ალაგების დროს, ზღაპრის მოყოლის წინ, ვმღერით წელიწადის დროის შესაბამის სიმღერებს,…ვუკრავთ არფაზე, ქსილოფონზე, მაგრამ საბავშვო ბაღის ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის ადამიანის ხმა. ბავშვობის ასაკში პენტატონიკურ და ხალხურ მოტივებზე შექმნილი სიმღერებია მნიშვნელოვანი.
ფერხული გარითმული მოკლე ამბავი ან ზღაპარია, სიმღერისა და მოძრაობის თანხლებით, ფერხული იცვლება წელიწადის დროების მიხედვით. ფერხულში ხან მეფე-დედოფლად, ხან ქონდრისკაცებად და ხელოსნებად, ხან კი ფრინველებად და ცხოველებად გადავიქცევით.
თითოეული წარმოთქმული სიტყვა მოძრაობას უნდა ემთხვეოდეს, ამ დროს ყველა გრძნობის ორგანო აქტიურია, ვითარდება სოციალური უნარიც. ფერხულში ხშირად გამოიყენება საპირისპირო ხატები, მაგ: დიდი და პატარა, ხმამაღლა და ხმადაბლა, ჩქარი და ნელი, აქტიური და პასიური. ანუ, მუდმივად ვმოძრაობთ ორ ურთიერთსაპირისპირო პოლუსს შორის, ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ბავშვს, ჰარმონიულად განვითარდეს და წელიწადის დროებთან სწორი მიმართება ჩამოიყალიბოს.
თავისუფალი თამაში
პირველ შვიდწლეულში ბავშვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის თამაში. ის ხალისიანი და სიხარულით აღსავსე განწყობა, რომელიც თამაშით გამოიწვევა, აუცილებელია ადამიანის სხეულებრივი თუ ფსიქიკური ჯამრთელობისთვის. ბავშვის თამაში არის ხელოვნება. ის საკუთარ წარმოსახვას არგებს რეალობას და თავად ქმნის ზღაპრულ გარემოს, ამიტომ ბავშვის ფანტაზიაში შესაძლებელია ყველაფერი, რასაც თავად მოინდომებს და უფროსიც სერიოზულად უნდა მოეკიდოს მის თამაშს. თამაში უბრალოდ გართობა არ არის, მისი მეშვეობით ბავშვი სამყაროს გაგებას, მის შემეცნებას სწავლობს.
ყველაფერს, რასაც გარემოში ხედავს, თამაშში გადაამუშავებს, თამაშში გამოცდის, თუ რას ნიშნავს იყო „დიდი“, დედა და მამა, ექიმი, მასწავლებელი… ისეთივე სერიოზულობით ეკიდება თამაშს, როგორც უფროსები თავიანთ სამუშაოს.
რუდოლფ შტაინერი ამბობს: „მოზრდილებისთვის თამაში არის გართობა, სიამოვნება, რომელიც სიცოცხლეს ხალისს მატებს. ბავშვისთვის კი თამაში არის მისი ცხოვრების არსი“ .
თამაში ბავშვის ფანტაზიის, მეტყველებისა და აზროვნების განვითარების ძირითადი საშუალებაა. მეგობრებთან ურთიერთობისას სწავლობს, თუ როგორ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, განივითაროს მეტყველების უნარი, გამოხატოს გრძნობები. თავისუფალი თამაშის დროს ბავშვი ივითარებს ინდივიდუალურობას და ასევე სწავლობს სოციუმთან ურთიერთობას, ემპათიას, კრეატიულობას.
ვალდორფის საბავშვო ბაღში თავისუფალი თამაშისთვის გამოყოფილია გარკვეული დრო და სივრცე. ფანტაზიის გასაღვივებლად შესაბამისი სათამაშო მასალაც აქვთ: მაგიდები და სკამები, მოძრავი ხარიხები, ხის აგურები, კუნძები, დაფები, ხის ყუთები, ფერადი ქსოვილები, გირჩები, და ა. შ.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სათამაშო მასალის ხარისხს. სათამაშოები მაქსიმალურად ბუნებრივი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული, პირველადი ფორმები (სამკუთხედი, ოთხკუთხედი და ა.შ) და ძირითადი ბუნებრივი ფერები ბავშვში აღძრავენ კეთილგანწყობას, ეს ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიის განვითარებას. ბავშვებს არ სჭირდებათ კომერციული სათამაშოები, სრულებით საკმარისია ჯოხები, ქვები, ფოთლები, გირჩები, ხის კუნძები, ნიჟარები თუ რკოები, ფერადი ბუნებრივი მასალის (ბამბის, შალის, აბრეშუმის) სხვადასხვა ზომის ნაჭრები ბავშვების ხელში მაშინვე იძენს სათამაშო ფუნქციას.
ამგვარ თამაშში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი სიხარულით ერთვებიან. ნებისმიერ ბავშვს შეუძლია საკუთარი ინიციატივით წამოიწყოს თავისუფალი თამაში, მაგრამ იმისთვის, რომ თამაში მოსაწყენი არ იყოს, მას სჭირდება მეგობარი, მეგობრები ერთად გეგმავენ თამაშს, ერთად ადგენენ თამაშის წესებს, ანაწილებენ როლებს.
ამ დროს სწავლობენ საკუთარი აზრის გამოთქმას და ასევე, სხვების მოსმენასაც, ზოგჯერ კომპრომისზე წასვლაც უწევთ, გუნდურობა რომ მნიშვნელოვანია, ამასაც მალე ამჩნევენ, სწავლობენ ტოლერანტობას და საკუთარი ემოციებისა თუ გაღიზიანების კონტროლს. აღმზრდელი პატივს სცემს ბავშვის დამოუკიდებლობას და ხელს უწყობს მისი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, არ ერევა ბავშვის ინიციატივით დაწყებული თავისუფალი თამაშის დაგეგმვაში, არ სთავაზობს საკუთარ იდეებს, მაგრამ, თუ რომელიმე ბავშვი ვერ ახერხებს მეგობრების მიერ დაწყებულ თამაშში ჩართვას, დიდი სიფრთხილით ეხმარება.
თუმცაღა, სასურველია თავად შეძლოს პრობლემებთან გამკლავება. აღმზრდელი კონფლიქტურ სიტუაციებსაც იუმორის დახმარებით განმუხტავს. თუ ბავშვი თამაშს და სათამაშოს გულისყურით ეკიდება, ის ასეთივე ყურადღებიანი იქნება მოზრდილობისას, თუ ქაოტურია, ქაოტური იქნება საქმისადმი მისი დამოკიდებულებაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს, ისწავლოს სწორი თამაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სათამაშო სივრცე არ იყოს მხოლოდ ოთახის კედლებში მოქცეული და ბავშვებს ეზოში, ბაღში, ტყეში თამაშის საშუალებაც ქონდეთ, თამაშისთვის განკუთვნილი სხვადასხვაგვარი სივრცეები ამრავალფეროვნებს ბავშვის თამაშს და სათამაშო სიტუაციებს — ის ხან თოჯინებითა და მანქანებით ერთობა, ხან სხვადასხვა როლს ირგებს, ხანაც თავისუფლად თამაშობს. დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთ წოდებულ მოძრავ თამაშებს, როგორებიცაა: დამალობანა, დახუჭობანა, რომლებიც გარდა იმისა, რომ ბავშვს ახალისებს, სხეულს სისხარტესა და მოქნილობას სძენს.
ბავშვები ნებისმიერ ამინდში: ყინვასა და ქარში, წვიმასა და თოვლში გადიან გარეთ, მაგრამ ეზო მხოლოდ გასართობი ან სათამაშო ადგილი არ არის, ბავშვი ყოველდღიურად აკვირდება ეზოში მოფუსფუსე უფროსებს და თავადაც ჩართულია ეზოს დალაგებაში, ყვავილების მოვლაში. ეზოში არის უამრავი ხის მორი, ქვები, ქვიშის ყუთი, დგას პაწაწუნა სახლები… ხის მოკლე კუნძებზე გადებულია ხის დიდი მორი. თავიდან ბავშვები უფროსების დახმარებით ცდილობენ მორზე გავლა-გამოვლას, მერე კი შეუძლიათ დამოუკიდებლადაც გაირბინონ. ამით მოძრაობის, წონასწორობისა და კონცენტრაციის უნარის დაუფლებას ცდილობენ. ეზოში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი სხეულის უკეთ მოხელთება შეძლოს, მრავალმხრივ განივითაროს გრძნობის ორგანოები და უხეში მოტორიკა, ეს საშუალებას მისცემს, გახდეს უფრო თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში, უფრო მამაცი, გაბედული და უშიშარი.
ბავშვისთვის არსებითია ბუნებასთან კავშირი. აღტაცება, სიამოვნება, მზრუნველობა — ის თვისებებია, რასაც ბავშვი სამყაროსთან ურთიერთობით სწავლობს. პატარა ბავშვი ინტერესით ეგებება გარესამყაროს და ამ დროს მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს უფროსი, რომელიც მასთან ერთად აღმოაჩენს ბუნებაში მომხდარ საოცარ მოვლენებს და ახალი აღმოჩენით გამოწვეულ გულწრფელ აღფრთოვანებას გაიზიარებს. ბუნებაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ თვალს კი არ შეავლებს, არამედ ბავშვთან ერთად გულდასმით შეხედავს და დააკვირდება. ამ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება სურვილი, უფრო მეტი და მეტი შეამჩნიოს და შეისწავლოს, სასეირნოდ წასვლა, ბუნების საოცრებათა ხილვა, ქვების, ხის ტოტების, მცენარეების შეგროვება, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკვების მიღება. რეგულარული გასეირნების დროს მას ეძლევა საშუალება, უკვე მიღებული გამოცდილება გაითავისოს და ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს ეზიაროს.
თითების თამაში
ვალდორფის ბაღში თითებით თამაში მნიშვნელოვანი პედაგოგიური ელემენტია. სრულდება პატარა გარითმული ამბის, პატარა ლექსის ან სიმღერის თანხლებით და ხელს უწყობს ნატიფი მოტორიკის, აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, ავითარებს წარმოსახვისა და ფანტაზიის ძალებს.
მეტყველების განვითარება: რითმული ტექსტებისა და ბგერების გამეორება ეხმარება ბავშვს ლექსიკის გამდიდრებაში, სმენითი აღქმის დაუფლებაში; რითმული ტექსტი მოძრაობასთან ერთად აძლიერებს მეტყველებას, ლექსიკურ მარაგს, და მეხსიერებას. ბავშვი სიტყვას „მთელი სხეულით“ ითვისებს.
ნატიფი მოტორიკა: არსებობს პირდაპირი კავშირი ხელის მოძრაობასა და ტვინის იმ ცენტრებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აზროვნებასა და მეტყველებაზე. გარეგანი ფიზიკური მოძრაობა ყოველთვის შინაგან გონებრივ აქტივობასთან არის კავშირში,რაც უფრო დახვეწილია მოძრაობა, მით უფრო დახვეწილია აზროვნება.
კონცენტრაცია: სწავლობენ ყურადღების ფოკუსირებას ერთ კონკრეტულ აქტივობაზე.
მიბაძვა: ბავშვი სწავლობს არა ინსტრუქციით , არამედ მიბაძვით.
რიტმისა და ნების განვითარება: განმეორებადი მოძრაობები ბავშვში იწვევს უსაფრთხოების განცდას და უყალიბებს შინაგან რიტმს.
წარმოსახვისა და ფანტაზიის გაღვივება: თითები შეიძლება გადაიქცეს ოჯახისწევრებად(დედა, მამა…), ცხოველებად, ჯუჯებად,ზღაპრის გმირებად — ყველაფერი ბავშვის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
ემოციური და სოციალური განვითარება: თითებით თამაშები ხშირად კეთდება ჯგუფურად, მშვიდ ატმოსფეროში. ბავშვი სწავლობს ყურადღებას, მიბაძვას და სოციალურობას.


